საწყისი
რეაქციის შესახებ
ფოტო გალერეა
აუდიო-ვიდეო
ბმულები
კონტაქტი


Mailing List
E-mail:
Subscribe Unsubscribe

RE:აქციის შესახებ

რუსეთსა და საქართველოს შორის 90-იან წლებში საბოლოოდ გაფუჭებული პოლიტიკური მდგომარეობა უმძიმეს ტვირთად დააწვა ქართულ სახელმწიფოებრიობას. 90-იან წლებში რუსეთის პირდაპირი აგრესია ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ყველანაირ ილუზიას სპობდა ორი რუსეთის არსებობის შესახებ, რასაც აქტიურად "ქადაგებდა" შევარდნაძის ხელისუფლება. ილუზორული "დემოკრატიული" რუსეთის დუმილის ფონზე აქტიურობდნენ რეალური "დერჟიმორდა" რუსეთის ქვემეხები, რამაც შედეგად საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია, ათეულობით ათასი საქართველოს მოქალაქის გენოციდი და ეთნოწმენდა, ასეულობით ათასი დევნილი, ზოგადად ცხოვრების დონის სწრაფი გაუარესება და სხვა ათასი უბედურება მოიტანა... თავისუფლებას მიუჩვეველი ხალხი ვერ გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და "პოროჟენცული" ხელისუფლების 12-წლიან პარპაშს დაედო სათავე.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და საზოგადოების თავისუფლებისადმი ლტოლვის ურყევი ნების გამოხატულებამ დასაბამი მისცა საკუთარი თავისადმი რწმენის გაძლიერებას ქართულ საზოგადოებაში, ეს კი იმის საფუძველი გახდა, რომ ხალხს თავისი აზრი პირდაპირ და ნათლად დაეფიქსირებინა. საქართველოს საზოგადოების განწყობები აისახა ქართულ ინტერნეტსივრცეშიც: 2004 წლის 17 აგვისტოს თბილისში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს შეიკრიბნენ ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ვებგვერდის - "თბილისის ფორუმის" (forum.ge) მომხმარებლები. სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიისა და განათლების მანამდე ერთმანეთისათვის უცნობი წარმომადგენლები ერთი იდეითა და ერთი აზრით გაერთიანდნენ, რათა პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე ეთქვათ - რუსეთია საქართველოში დატრიალებული არეულობების, ომების, ეთნოწმენდისა და გენოციდის ინსპირატორი და პირდაპირი აგრესორი!

შეკრებილ ინტერნეტ-მომხმარებელთა ჯგუფს და მათ მიერ გამართულ აქციას ეწოდა RE:აქცია.
RE:აქციის მოთხოვნები, რომელიც დღესაც აქტუალურია, შემდეგია:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნას რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან;
2. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნან კონფლიქტის ზონებიდან საქართველოს საზღვრებს მიღმა რუსი "სამშვიდობოები";
3. რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი პირდაპირი აგრესიის  შესანიღბად მის მიერვე საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსური დახმარება;
4. შეწყდეს ანტიქართული ისტერია რუსეთის მასმედიაში.

აქციის ორგანიზებას სამი დღე დასჭირდა. აქცია დაიწყო 2004 წლის 17 აგვისტოს საღამოს 18 საათზე საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ! ამდენ ხალხს არ ველოდით. ფორუმელები, იქ მცხოვრები ადამიანები ყველანი ერთად ვიწყებთ პატარა, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ბრძოლას იდეისათვის. აქამდე მხოლოდ 5-6 ფორუმელი იცნობდა ერთმანეთს, დანარჩენებს მხოლოდ ინტერნეტით ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ აქციაზე ყველანი ისე ვიყავით, როგორც დიდი ხნის ნაცნობები...

გაეწყო აუდიო და ვიდეო აპარატურა. და აი რუსეთის საელჩოს კედელზე პირველი კადრების პროეცირება დაიწყო, გაისმა ქართული ხალხური სიმღერები, ყველა ქართული ტელევიზია აშუქებდა ამ აქციას.

აქციის მიმდინარეობის დროს ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ RE:აქცია უნდა გაგრძელებულიყო და ერთ-ორ დღეში არ უნდა დაშლილიყო. საბოლოოდ აქციის დახურვის თარიღად 27 აგვისტო დასახელდა.

ჩვენთვის მოულოდნელად RE:აქციამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა არა მარტო რუსულ პრესაში. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსული პრესა ერთადერთი იყო, ვინც RE:აქციას უარყოფითად აშუქებდა.

RE:აქციამ თავის თავზე აიღო საქართველოს მიმართ რუსული პოლიტიკის მონიტორინგი და აქციების პერმანენტულად გაგრძელება გადაწყვიტა!

RE:აქცია რუსეთის საელჩოსთან 2004 წლის 27 სექტემბერს დაბრუნდა. უფრო სწორად, რუსეთის საელჩოებთან. RE:აქციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთში, ნორვეგიასა და ჩეხეთში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდებმა. პარალელურ რეჟიმში აქციები მიმდინარეობდა რუსეთის საელჩოებთან პარიზში, ოსლოში, პრაღასა და თბილისში. ამ დღეს RE:აქცია პროტესტს გამოხატავდა სოხუმი-მოსკოვის მატარებლის რეისის გახხსნის გამო. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების დახმარებით ფორუმელი RE:აქციონერების მიერ აწყობილ იქნა იმპროვიზირებული მუყაოს მატარებელი და თბილისის ქუჩების შემოვლის შემდეგ ეს მატარებელი ”დანიშნულების ადგილას” - რუსეთის საელჩოსთან გაჩერდა. "რეისის" განმავლობაში რამდენიმე წუთში ერთხელ მატარებლის საყვირის ხმა გარშემომყოფთ ამცნობდა თავისი სვლის შესახებ. ეს RE:აქცია ერთ დღეს გაგრძელდა....

2005 წლის 18 თებერვალი.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით უნდა ჩამოვიდეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ის უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალთან მისვლასა და მათი სულებისათვის პატივის მიგებას ითვალისწინებს. 16:00 საათზე იწყება RE:აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სერგეი ლავროვს დაგეგმილი აქვს პრესკონფერენცია.
აქციის მონაწილენი მას უზარმაზარი შავი ლენტით ხელში ვხვდებით, იქვე 47-ე სკოლის კედელზე გაკრულია მემორიალის გადიდებული სურათი, ხოლო რუსული დიპლომატიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზურნა-დუდუკის დახმარებით სამგლოვიარო მუსაკა ისმის. მცირე ინციდენტების მიუხედავად, აქციამ შესანიშნავად ჩაიარა და კიდევ ერთხელ მკვეთრად დააფიქსირა საზოგადოებრივი აზრი.

2005 წლის 8 აპრილი
მორიგი RE:აქცია 2005 წლის 8 აპრილს დაიგეგმა და განხორციელდა. აქციის მიზანი იყო, შეგვეხსენებინა რუსეთისთვის მისი ”დამსახურება” 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
რუსეთის საელჩოს წინ მოეწყო მდუმარე აქცია...

...ისმის მხოლოდ საგალობლები, რუსეთის საელჩოს ფასადზე 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი კადრები პროეცირდება მთელი ღამის განმავლობაში, 9 აპრილს დაღუპულთა სურათები შავ სტენდზეა გამოფენილი, მიწაში მესანგრეთა ბარებია ჩარჭობილი, როგორც შეხსენება რუსი ჯარისკაცების არაადამიანური სისასტიკისა, რომლებმაც ასეთი ბარებით უმოწყალოდ აჩეხეს ჩვენი თანამემამულენი... RE:აქცია მეორე დღემდე გაგრძელდა...

მთელი ამ ხნის განმავლობაში RE:აქცია უწყვეტად მიმდინარეობს ინტერნეტში, შეიქმნა RE:აქციის საიტი - www.reaction.ge. საიტი ამჟამად რეკონსტრუქციის პროცესშია, ხოლო ძველი ფორმატის საიტის დროებითი მისამართია www.mzera.com/reaqcia. RE:აქციას მხარს უჭერენ სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსები, რის ნიშნადაც მათ თავიანთ საიტებზე ანაზღაურების გარეშე განათავსეს RE:აქციის საინფორმაციო ბანერები.